ქუთაისში პროექტის „ალტერნატიული ქუთაისი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის #EU4Culture დაფინანსებით, ფონდი კეტარისა და ELECTRONAUTS-ის პარტნიორობით ორგანიზაცია უბან არტმა განახორციელა.

კომპლექსური პროექტი ოთხ მთავარ მიზანს ისახავდა:

  • ⁠ ⁠90-იანი წლების ქუთაისის ანდერგრაუნდული ხელოვნების კვლევასა და კოლექციის მოგროვებას;
  • ⁠ ⁠ალტერნატიული ქუთაისის ტურისტულ-საგანმანათლებლო მარშრუტის შედგენას;
  • ⁠ ⁠90-იანების არტ სცენის ისტორიის ამსახველი გამოფენის მოწყობას;
  • ⁠ ⁠ამავე პერიოდის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას.

პროექტის ფარგლებში Kettari Academy-ის მიერ უბან არტთან თანამშრომლობით მომზადებული ტურისტულ-საგანმანათლებლო მარშრუტის მასალა საჩუქრად გადაეცა DMO Imereti-ს ქალაქის ტურისტულ სქემაში ჩასართავად.

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში კი შეგროვებული კოლექციის გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ვიდეო/აუდიო/ფოტო დოკუმენტური მასალა, მუსიკოსებისა და მხატვრების პირადი ნივთები და მხატვარ ლია უკლებას მიერ ხელით მოხატული მაისური/ინსტალაციები.

აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, 90-იანი წლების ქუთაისის მუსიკალურმა ტრადიციებმა და სახელოვნებო მიმდინარეობებმა დიდი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების სფეროში საქართველოს პოზიციონირებაზე.

საბჭოთა კავშირის რღვევის პარალელურად 90-იანებში ქუთაისი იქცა ალტერნატიული, ანდერგრაუნდული მუსიკის ცენტრად, რაც კომპლექსურად მოიცავდა ალტერნატიულ პოეზიას, მოდას, ვიზუალურ ხელოვნებას პანკ სუბკულტურას და თანამედროვე იდეოლოგიას. ეს იყო ახალგაზრდული, ალტერნატიული რეაქცია 90-ებში პოსტ საბჭოთა ეპოქის საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ლანდშაფტის მიმართ.